შენი ვულვა და ვაგინა იმდენად უნიკალურია, რამდენადაც შენი სხეული. ამ სტატიაში იპოვი ყველაფერს, რაც უნდა იცოდე საკუთარ ვულვაზე, ვაგინალურ გამონადეზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოუარო საკუთარ გენიტალიებს.
ნორმალური ვაგინა მაქვს?
ბევრი ადამიანი ამბობს „ვაგინას,“ როცა რეალურად საკუთარ ვულვას გულისხმობს. ვულვა არის გენიტალიების გარე, ხილული ნაწილი — ბაგეები, კლიტორი, ვაგინა, შარდსადინარი მილის შესასვლელი (მილი, საიდანაც შარდავ). ვაგინა არის შიდა, წელვადი მილი, რომელიც ვულვას აკავშირებს საშვილოსნოს ყელსა და საშვილოსნოსთან. წაიკითხეთ მეტი ვულვასა და ვაგინაზე.
არ არსებობს ცნება „ნორმალური“ ვულვა. ყველა ვაგინა და ვულვა უნიკალურია. ადამიანის სახის მსგავსად, ყველა მათგანს აქვს ერთი და იგივე ნაწილები, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ბაგეები (შიდა და გარე) შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომისა და ფორმის. ზოგს შეიძლება ჰქონდეს ჩამოწეული ბაგეები, ზოგის შიდა ბაგეები შეიძლება გარე ბაგეებს გარეთ იყოს, ზოგს კი შიდა ბაგეები უფრო შიგნით ჰქონდეს.
ზოგ ადამიანს უფრო ფართო ვაგინა აქვს, ზოგს — უფრო პატარა. კლიტორი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა, შეიძლება გარეთ იყოს გამოსული ან შიგნით შეწეული, კლიტორის ქუდქვეშ. სრულებით ნორმალურია, თუ ასიმეტრიული ვულვა გაქვს (როცა ერთი მხარე მეორისგან განსხვავებულად გამოიყურება). ვულვის ფერები კი დაუსრულებლად იცვლება, მუქი ყავისფერიდან ღაი ვარდისფერამდე, სხვადასხვა ტექსტურით, ფორმითა და განსხვავებული სიხშირის თმით.
ადამიანების უმეტესობას დაბადებიდანვე აქვს თხელი კანის ქსოვილი, რომელიც გასდევს ვაგინას და მას საქალწულე აპკს უწოდებენ. დაწვრილებით აპკისა და მასთან დაკავშირებულ მითებზე წაიკითხე ჩვენი სტატია: 5 მითი ქალწულობის შესახებ.
რა არის ვაგინალური გამონადენი?
სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყება ვაგინალური გამონადენი (სითხე გამოდის ვაგინიდან). ამ გამონადენს შეამჩნევ შენს საცვლებზე. ის შეიძლება იყოს გამჭვირვალე, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, განსაკუთრებით, როცა შრება საცვლებზე. პერიოდის დროს, შეიძლება ყავისფერი ან ვარდისფერი გახდეს (მას ხშირად „ლაქებსაც“ უწოდებენ).
ვაგინალური გამონადენი იცვლება მენსტრუალური ციკლის დროს. ზოგ დღეებში უფრო მეტი გამონადენი გექნება, ზოგჯერ უფრო ნაკლები, შეიძლება უფრო სქელი იყოს ან უფრო თხელი, შეიძლება ოდნავ შეიცვალოს ფერი. გამონადენი ნორმალურია, რადგან ის არის ვაგინის თვითგაწმენდის საშუალება.
კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევ, როგორ გამოიყურება ან როგორი სუნი აქვს შენს ვულვასა და ვაგინალურ გამონადენს ჩვეულ მდგომარეობაში, რათა მიხვდე, თუ რამე შეიცვლება, რაც შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს. თუ გამონადენი მწვანე, ნაცრისფერი, აქაფებული და/ან სუნიანია, დაუყოვნებლივ გაესინჯე ექიმს ან ექთანს. არ ინერვიულო, ვაგინალური ინფექციები ძალიან ხშირია და მათი მკურნალობა საკმაოდ მარტივია.
როცა სექსუალურად აღგზნებული ხარ, შეამჩნევ, რომ ვაგინა ჩვეულებრივზე უფრო სველია. ეს იმიტომ, რომ შენი ვაგინა გამოყოფს გამჭვირვალე, სლიკინა სითხეს, რომელიც არის ბუნებრივი ლუბრიკანტი, რაც იცავს მას სექსის დროს ნაკაწრებისგან. ასე შენი ორგანიზმი ემზადება, რომ სექსუალური აქტი უფრო კომფორტული იყოს.
როგორ უნდა მოვუარო ვაგინასა და ვულვას?
ვულვას მოვლის საუკეთესო გზაა მისი დაბანა წყლითა და ზომიერი საპნით (ბანაობისას). არასდროს მოათავსოთ საპონი ან სხვა დასაბანი საშუალება ვაგინის შიგნით. არ არის საჭირო ვაგინის შიდა ნაწილის გაწმენდა, ის ამას თავადაც აკეთებს!
სრულებით ნორმალურია, თუ შენს ვაგინალურ გამონადენს ოდნავ სუნი აქვს, თუნდაც სუფთა იყოს. არ ინერვიულო, ამას სხვა ადამიანები ვერ შეამჩნევენ. არ არის საჭირო ვაგინალური დეოდორანტების ან ნებისმიერი სხვა „ქალის ჰიგინერული“ საშუალებების გამოყენება. რეალურად ამ საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან ინფექციები.
Комментариев нет:
Отправить комментарий