ვაგინალური სექსის შესახებ

ვაგინალური სექსი ეწოდება სექსუალურ აქტს, როდესაც პენისი შედის ვაგინაში. ამ სტატიიდან გაიგებ, რატომ აკეთებენ ამას ადამიანები და როგორ უნდა დაიცვა თავი.
უნდა მქონდეს თუ არა ვაგინალური სექსი?
გქონდეს თუ არა ვაგინალური სექსი, ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა და არ არსებობს წესი, რომელიც გეტყვის, უნდა გქონდეს თუ არა. რაც უნდა გაითვალისწინო, ისაა, რამდენად სწორი გგონია და ხარ თუ არა შენც და შენი პარტნიორიც დარწმუნებული. ჩვენი სტატია „ვარ თუ არა მზად სექსისთვის“ დაგეხმარება ამ საკითხზე ფიქრში.


როგორც წესი, ვაგინალური სექსი იწყება, როდესაც ადამიანები სექსუალურად აღიგზნებიან ერთმანეთის კოცნით, მოფერებითა და შეხებით. ხშირად გეცოდინება, რომ აღგზნებული ხარ (რაც ნიშნავს, რომ შენი სხეული ემზადება სექსუალური აქტისთვის) გარკვეული ფიზიკური ნიშნებით:
  • ვაგინა იწყებს დასველებას;
  • პენისი იზრდება და მაგრდება, რასაც ერექცია ეწოდება.
ეცადე, არ იჩქარო. საუკეთესო მიდგომაა, ისიამოვნოთ ერთმანეთის სხეულებით და დარწმუნდეთ, რომ ერთმანეთთან მოდუნებლი ხართ – ამას „პრელუდია“ ეწოდება და სექსის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც თავად აქტი. სრულებით ნორმალურია, თუ ამაზე შორს აღარ წახვალთ. ბევრი წყვილი იღებს სიამოვნებას პრელუდიისგან, სანამ უშუალოდ ვაგინალურ სექსზე გადავლენ.
თუ ორივე მზად ხართ ვაგინალური სექსისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პრელუდია საკმარისად დიდი ხანი გაგრძელდეს. თუ ქალი სექსუალურად საკმარისად აღგზნებული არ არის, მაშინ მისი ვაგინა არ დასველდება და შესაძლებელია სექსუალური აქტი მტკივნეული ან უსიამოვნო იყოს.
„საუკუნე დავხარჯეთ პრელუდიაზე, კოცნაზე, თითით შეხებასა და ორალურ ხერხებზე, რადგან ეს ორივესთვის პირველი იყო. როცა გადავწყვიტეთ, სექსი გვქონოდა, კონდომი და უამრავი ლუბრიკანტი გამოვიყენით. ისიც ძალიან ნაზი იყო, მეკითხებოდა, ხომ არ მტკენდა და თავს როგორ ვგრძნობდი. ცოტათი მეტკინა, თუმცა არც ისე, როგორც ველოდი,“ – მეი.
როგორ მუშაობს ვაგინალური სექსი?
როცა ორივე აღგზნებული ხართ და მზად ხართ სექსისთვის, კარგი იქნება, თუ ერთ-ერთი თქვენგანი ხელით დაეხმარება პენისს ვაგინაში შესასვლელად. ნუ იჩქარებთ და გახსოვდეთ, სრულიად ნორმალურია, თუ რამდენიმე ცდა დაგჭირდებათ. განსაკუთრებით, თუ ჯერ კიდევ ეჩვევით ერთმანეთის სხეულებს.
როცა პენისი უკვე ვაგინაშია, შეგიძლია სხეული ისე ამოძრავო, რომ პენისი აწვებოდეს და შემდეგ ნაწილობრივ კვლავ უკან გამოდიოდეს. გააკეთე, რაც ბუნებრივად და სასიამოვნოდ გეჩვენება. კარგი იქნება, თუ ნელა და ნაზად დაიწყებ, რათა დარწმუნდე, რომ ორივე კომფორტულად გრძნობთ თავს.
„იმის ნაცვლად, რომ მაგრად და სწრაფად ემოძრავა, ის ნელა მოძრაობდა, დაელოდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ შევეჩვიე მისი პენისის ჩემს ვაგინაში ყოფნას. გამუდმებით მეკითხებოდა, კარგად ვიყავი თუ არა და ხომ არ შეეწყვიტა. ვუთხარი, არ შეეწყვიტა, თავიდან ოდნავ არაკომფორტულად ვიგრძენი თავი, მაგრამ შემდეგ, როცა სრულად შევიდა, საოცარი გრძნობა იყო. ნელა მოძრაობდა და მგრძნობიარე იყო,“ – ეში.
რას იტყვით სხვადასხვა პოზებზე?
ერთ-ერთი გავრცელებული პოზაა ქალი დაბლა, მამაკაცი კი ზის ან წევს ზემოდან (რომელსაც „მისიონერულ პოზასაც“ უწოდებენ). შესაძლებელია, ქალი იყოს ზემოდან ან ორივე იწვეს ერთმანეთის გვერდიგვერდ. კარგი იქნება, თუ ამ პოზებიდან ერთ-ერთს აირჩევ, თუ პირველად გაქვს სექსი. როცა ერთმანეთის სხეულებს უკეთ გაიცნობთ, შეგიძლიათ სხვა პოზებიც სცადოთ, რაც ორივესთვის სასიამოვნო იქნება.
გარკვეული დროის შემდეგ, შეგიძლიათ იპოვოთ გარკვეული მოძრაობები, პოზები და შეხების გზები, რათა ერთ-ერთს ან ორივეს გქონდეთ ორგაზმი (რომელსაც „გათავებასაც“ უწოდებენ). არ ინერვიულო, თუ ორგაზმი მაშინვე ან საერთოდ არ გექნება. დრო სჭირდება იმის გაგებას, რა მუშაობს შენთვის ან შენი პარტნიორისთვის. სექსი სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, გაქვს ორგაზმი თუ არა.
მეტკინება? ექნება ქალს სისხლდენა?
დროა საჭირო, რომ სექსის შეგრძნებას შეეჩვიო. ზოგი ქალი თავს არაკომფორტულად ან ტკივილს გრძნობს პირველი აქტის დროს. ნელა მოძრაობა და კარგი, წყალზე დამზადებული ლუბრიკანტის გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.
თუ ქალს პირველად აქვს სექსი, მას შეიძლება მცირე სისხლდენა ჰქონდეს. როგორც წესი, ეს სანერვიულო არ არის. ყველა ქალწულს არ აქვს სისხლდენა პირველი სექსუალური აქტის დროს, რადგან ადამიანების სხეულები განსხვავდება და მათ სხვადასხვა რეაქცია აქვთ სექსუალურ აქტივობებზე.
თუ ყოველი სექსუალური აქტის დროს სისხლდენა გაგრძელდება, მაშინ კარგი იქნება, თუ ექიმს დაელაპარაკებით, რათა დარწმუნდეთ, რომ სანერვიულო არაფერია.
იმის ცოდნა, როგორ მუშაობს სექსი, დაგეხმარება, მოდუნებული და სექსისთვის მომზადებული იყო, თუმცა კონტრაცეფციისა და დაცვის საშუალებების შესახებ ცოდნაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ არ იცი, შეიძლება საკუთარი თავი (და პარტნიორიც) არასასურველი ორსულობის, სექსუალური გზით გადამდები და აივ ინფექციების რისკის წინაშე დააყენო.
არსებობს უამრავი სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელიც შეიძლება დაუცველი ვაგინალური სექსის დროს გადაგედოს, მაგალითად: ქლამიდია, ჰერპესი ან აივ ინფექცია, რაც შეიძლება თუნდაც ერთი სექსუალური აქტის შემდეგ დაგემართოს. ერთადერთი გზა, თავიდან აიცილო მსგავსი რისკები, არის კონდომის გამოყენება ყოველი სექსუალური აქტის დროს.
თუ დაუცველი სექსი გქონდა, დაუყოვნებლივ მიმართე ექიმს, რათა მიიღო გადაუდებელი კონტრაცეფცია, რათა თავიდან აიცილო არასასურველი ფეხმძიმობა. აივ ინფექციის პრევენციის მიზნით კი, შეგიძლია მიმართო პოსტ ექსპოზიციურ პროფილაქტიკასაც (Post-Exposure Prophylactics – PEP).
სექსის დაწყებამდე პარტნიორთან თავდაცვაზე საუბარი დაგეხმარება პროცესში. შეიძლება გერიდებოდეს, თუმცა გახსოვდეს, რომ ეს სექსუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუ ამის განხილვა გიჭირს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჯერ კიდევ არ ხარ მზად სექსუალური ცხოვრების დასაწყებად. ეს ნორმალურია და გახსოვდეს, არსებობს ერთამენთთან ყოფნის, სიამოვნების მიღებისა და ერთმანეთის გაცნობის არაერთი გზა, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, სანამ მზად იქნები.
წყარო: teenhealthsource.com

Комментариев нет:

Отправить комментарий